მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკური შედეგები ოპერაციის შემდგომ უფრო მარტივად აღსაქმელია, სარგებლიანობა რაც ამ პროცედურების შემდგომ ჯანმრთელობის კუთხით მიიღწევა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მაშინ როცა სახეზეა სიმსუქნის თანმხლები დაავადებები, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ ეხმარება ბარიატრიული ქირურგია მათ აღმოფხვრას.
სლივ გასტრექტომიის სარგებლიანობა
სლივ გასტრექტომია კუჭის ბაიფასთან შედარებით მეტად მარტივი პროცედურაა ტექნიკურად და რეაბილიტაციის დროც ბევრად ნაკლებია. ამ დროს არ ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზემოქმედება, რაც ამცირებს გამწვავებების რისკს, მათ შორის ადგილი არ აქვს არც ვიტამინების დეფიციტის წარმოქმნას, რაც ხშირად ხდება კუჭის ბაიფასის დროს. შესაბამისად, პაციენტები იღებენ იდენტურად ეფექტურ შედეგებს, ნაკლებ დროში და ნაკლები სირთულით. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის სლივ გასტრექტომიის შედეგები ასეთი პოზიტიური, არის ის, რომ ამ დროს ხდება კუჭის ნაწილის ამოღება, რომელიც გამოიმუშავებს გრელინის ჰორმონებს. ეს ჰორმონი ცნობილია, როგორც შიმშილის გამომწვევი ჰორმონი, შესაბამისად მისი მოშორება, პაციენტებს უმცირებს შიმშილის განცდის ხარისხს, და დანაყრება ხდება ნაკლები საკვების მიღებით. დამატებით, ხდება კუჭის 70-80%-ით შემცირება, რაც ასევე გავლენას ახდენს საკვების მიღების მოცულობებზე. თუმცა, კიდევ ერთი პოზიტიური ფაქტორია ის, რომ მსგავსი პროცედურების დროს, კუჭი კვლავ ნორმალურად აგრძელებს ფუნქციონირებას, არ ექმნება სხვა პრობლემები, შესაბამისად არ ხდება საჭირო მისაღები საკვების კატეგორიზაცია და დამატებითი შეზღუდვების დაწესება.
Roux-en-Y კუჭის ბაიფასის სარგებლიანობა
კუჭის ბაიფასის დროს პაციენტები კარგავენ წონის 80%-ს პროცედურიდან პირველივე წელს. პროცედურის შედეგები არის მოკლევადიანიც და გრძელვადიანიც და სტატისტიკურად დასტურდება, რომ იგი ახანგრძლივებს სიმსუქნით დაავადებული ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. ბაიფასს მედიცინაში უკვე წარმატების 40 წლიანი ისტორია აქვს. პროცედურა სიღრმისეულად იქნა შესწავლილი, ხოლო შედეგები თვალნათლივ იქნა დოკუმენტირებული. ბარიატრიულ ქირურგიაში ამ “ოქროს სტანდარტის“ კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ პროცედურის შემდგომ პაციენტი არ საჭიროებს განსაკუთრებულ რეაბილიტაციას და ცხოვრების წესის დრამატულ ცვლილებას შეზღუდვების დაწესებით.
ლაპაროსკოპიული რეგულირებადი ბანდაჟირების სარგებლიანობა
ყველაზე დიდი შედეგი, რასაც ლაპაროსკოპიული რეგულირებადი ბანდაჟირება გვაძლევს, არის წონის დრამატული კლება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პაციენტები კარგავენ წონის 50-70%-ს პროცედურიდან 2-3 წლის განმავლობაში. ამას შედეგები მოაქვს ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხითაც.
მაგალითად, სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ მათ უმცირდებათ ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიცაა ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტერინი, გულის დაავადებები, ძილის „აპნოე“, სიმსივნე, დიაბეტის ტიპი 2, ასთმა, ოსტეოართრიტი და სხვა. ლაპაროსკოპიული რეგულირებადი ბანდაჟირების დროს შესაძლებელია როგორც შედეგების მყისიერი დანახვა, ასევე მათი ხანგრძლივად სტაბილური შენარჩუნება.
ასთმა
სამედიცინო კვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბი წონა ზრდის ასთმური პროცესების რთულად წარმართვის რისკს. პაციენტები, რომელთაც ბარიატრიულ ოპერაციამდე აწუხებდა ასთმა, აღნიშნავენ, რომ პროცედურის შემდეგ შესამჩნევად შეუმცირდათ შეტევები და რიგ შემთხვევაში სრულად გაუქრათ. მათ ვინც ოპერაციამდე დამოკიდებული იყო სტეროიდებზე, ბარიატრიული ჩარევიდან 18 თვის ინტერვალში უკვე შეეძლოთ მათ გარეშე ფუნქციონირება.
სიმსივნე
არსებობს სიმსივნეთა რიგი კატეგორიები, რომელთა განვითარების რისკიც სიმსუქნის დროს მატულობს. ამერიკის სიმსივნის ასოციაციის ინფორმაციით, მათ შორის არის მკერდის, საშვილოსნოს ყელის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, ღვიძლის კიბო, მრავლობითი მიელომა, არაჰოჯკინის ლიმფომა, საკვერცხის, პანკრეასის, კუჭის და საშვილოსნოს კიბო. პირდაპირი კავშირი სიმსუქნესა და სიმსივნეს შორის არ დგინდება, თუმცა დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ სიმსუქნე იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარ გართულებას, რაც შემდგომში სიმსივნის კერების წარმოქმნის პროვოცირებას ახდენს. 2008 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ სიმსივნით გარდაცვლილთა შორის პაციენტთა 14-20%-ს გამოხატული ჰქონდა სიმსუქნის პრობლემა. აქედან გამომდინარე, რადგან სიმსუქნე ერთ-ერთ რისკ ფაქტორს ამ დაავადებისთვისაც წარმოადგენს, ბარიატრიული ქირურგია დადებით როლს თამაშობს მისი წინასწარი პრევენციის კუთხით.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
გულის დაავადებებსა და სიმსუქნეს შორის საკმაოდ მყარი კორელაცია არსებობს. რაც უფრო ჭარბია წონა, მით მეტია გულის დაავადების განვითარების რისკი. მსუქან ადამიანს აქვს მეტი სხეულის მასა, შესაბამისად ორგანიზმში მეტი სისხლის მოძრაობა ხდება და ამ პროცესში გულზე მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის, რათა მან უზრუნველყოს სისხლის სრულფასოვნად მიწოდება სხეულის სხვადასხვა ორგანოსთვის. ეს დაძაბულობა კიდევ უფრო იმატებს როცა სხეულს ზედმეტი ძალისხმევის გაღება უწევს.
დამატებით, სიმსუქნე ზრდის სხვა კარდიოვასკულარულ რისკ ფაქტორებსაც (როგორიცაა, წნევა და მაღალი ქოლესტერინი), რაც კიდევ უფრო აუარესებს გულის დაავადებათა დინამიკას. ბარიატრიულ ქირურგიას სიმსუქნესთან ბრძოლით შეუძლია აღნიშნული პრობლემების დროული პრევენცია მოახდინოს.
დეპრესია
კვლევებით სიმსუქნესა და დეპრესიას შორის პირდაპირი ბმა არ დასტურდება, თუმცა იკვეთება, რომ ეს ორი ერთმანეთის გამომწვევ ფაქტორებად მოიაზრება და ციკლში ხშირ შემთხვევაში ჯაჭვურად არის დაკავშირებული. სტატისტიკურად,სიმსუქნით დაავადებული ადამიანები 25%-ით მეტად არიან მიდრეკილნი ნეგატიური გუნება-განწყობისკენ. სიმსუქნეს შეუძლია უარყოფითი თვითშეფასების და სოციალური იზოლაციის გამოწვევა, რაც თავის მხრივ აისახება დეპრესიული განწყობების წარმოქმნაში. სიმსუქნით დაავადებულნი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის ობიექტებიც. გარდა ამისა, ის დაავადებები, რომელთაც სიმსუქნე იწვევს, მაგ. დიაბეტი და ჰიპერტენზია, პირდაპირ იკვეთება დეპრესიასთან.
კვლევებით, მათ, ვინც ბარიატრიის დახმარებით სიმსუქნე დაამარცხა, პოზიტიური დინამიკა აღენიშნა დეპრესიის სიმპტომების შემცირების კუთხითაც. ბარიატრიულ პაციენტებში დეპრესიის დამარცხების მაჩვენებელი 90%-მდე ადის.
გასტროეზოფაგური რეფლუქსი
გასტროეზოფაგური რეფლუქსი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, და ის ჩნდება მაშინ, როცა სარქველი, რომელიც საკვებს და კუჭის მჟავას კუჭში ტოვებს, სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს და იწვევს მის უკან გამოდევნას. საყლაპავი მილი თავის მხრივ არ არის ისე მოწყობილი, რომ შეებრძოლოს მჟავისებურ ნივთიერებებს და შესაბამისად ხშირად აქვს ადგილი მილის დაზიანებას. იმასაც აღნიშნავენ, რომ მილის ქრონიკულმა დაზიანებამ შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის კიბო.
სიმპტომებს შორის ხშირია გულძმარვა, გახშირებული ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, უსიამოვნო გემო პირის ღრუში და ა.შ. ზედმეტი წონის კლება მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესს ორგანოებზე, და შესაბამისად გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომებს, გამოვლინებებს. რიგი ზემო აღნიშნული სიმპტომატიკისა უმცირდება პოსტ ბარიატრიული პაციენტების 90%-ს.
მაღალი ქოლესტერინი
ზედმეტი ცხიმის სუბსტანცია ორგანიზმში, რასაც ქოლესტერინს ეძახიან, შესაძლოა წარმოიქმნას სისხლის კედლებში. ამას შეუძლია სისხლძარღვთა დავიწროება, დაზიანება, რაც შედეგობრივად გადაიზრდება გულის დაავადებაში ან შესაძლოა ინსულტშიც კი. მაღალი ქოლესტერინის ალბათობა მეტია სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში. განსაკუთრებით ქოლესტერინის არსებობის მკვეთრი გამოხატულებაა ჭარბი ცხიმის მასა კონკრეტულად წელის გარშემო. ბარიატრიული ოპერაციის შემდგომ ქოლესტერინის ზენორმირებული მაჩვენებლის დაწევა მისაღებ ზღვართან რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება.
მაღალი არტერიული წნევა
ჰიპერტენზია წარმოადგენს სამედიცინო სახელწოდებას, რომლითაც მაღალ არტერიულ წნევას მოიხსენიებენ.
ნორმალური წნევის მაჩვენებლად ითვლება 120/80. პირველი მაჩვენებელი დგინდება გულის აჩქარების რიტმით. როცა ერთერთი ან ორივე მათგანი სცდება ზღვარს, გულისა და სისხლძარღვების მუშაობა მეტად ინტენსიური ხდება და შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა არტერიების გამკვრივება, ინსულტი, გულის უკმარისობა.
მაღალ არტერიულ წნევასთან შესაძლოა კავშირში იყოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, თამბაქოს მოწევა, დიეტა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ასევე, სიმსუქნე.
წნევა განისაზღვრება ცირკულირებადი ჰორმონების კომპლექსური სისტემით, რომელთა ნაწილი იქმნება ცხიმოვან ქსოვილებში. ეს ჰორმონები ადგენენ არტერიების დიამეტრს და შესაბამისად წნევას არტერიებში.
მიზეზები, რატომ იწვევს სიმსუქნე ჰიპერტენზიას, კომპლექსურია, თუმცა, ერთ-ერთი არის გამომუშავებული ინსულინის უფრო მაღალი დონე, რაც საბოლოო ჯამში წევს წნევას.
წონის კლებით იკლებს ჰიპერტენზიის გამომწვევი ჰორმონების გამომუშავებაც. სიმპტომატიკის შემცირება აღინიშნება პოსტ-ბარიატრიულ პაციენტთა 98%-ში.