სიმსუქნე გავლენას ახდენს ტვინისა და კოგნიტური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, თუმცა სიმსუქნის დინამიკის გრძელვადიანი გავლენა კოგნიტური დაბერების მდგომარეობაზე ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი. არსებული კვლევების უმეტესობა ძირითადად ეყრდნობა ისეთ ფაქტორებს, რაც ართულებს ქრონიკული და დროებითი სიმსუქნის დიფერენცირებას. ასევე გაურკვეველია, დროთა განმავლობაში სიმსუქნის სხვადასხვა დონე განსხვავებულად მოქმედებს თუ არა ტვინის ანატომიასა და ფუნქციონირებაზე. შესაბამისად ახალმა კვლევამ ფოკუსში მოაქცია სიმსუქნის ტრაექტორიების ყოვლისმომცველი ანალიზი და ამით შეეცადა დაედგინა მისი გავლენები ტვინის ფუნქციაზე.
დიდი ბრიტანეთის ბიობანკისგან მოპოვებული სიმსუქნის მრავალმხრივი გაზომვების საფუძველზე, კვლევა სიმსუქნის ხუთ განსხვავებულ ტრაექტორიას გამოყოფს: დაბალი-სტაბილური, საშუალო-სტაბილური, მაღალი-სტაბილური, მზარდი და კლებადი. კვლევის მიზანი იყო განსაზღვრულიყო, როგორ მოქმედებს სიმსუქნის ეს ნიმუშები ტვინის მორფოლოგიაზე, ფუნქციასა და შემეცნებაზე საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებში, რაც მათ გრძელვადიან ნევროლოგიურ ეფექტებზე უფრო ღრმა წარმოდგენას გვიქმნის.
აღსანიშნავია, რომ კლებადი ტრაექტორიის მქონე პირებს ტვინის სტრუქტურასა და კოგნიტურ მაჩვენებლებზე მინიმალური უარყოფითი გავლენა აღენიშნებოდათ დაბალი სტაბილურობის მქონე ჯგუფთან შედარებით. ამის საპირისპიროდ, მზარდი, ზომიერად სტაბილური და მაღალი სტაბილურობის ტრაექტორიები დაკავშირებული იყო ტვინის სტრუქტურის, ფუნქციისა და კოგნიტური ჯანმრთელობის უფრო დიდ დარღვევასთან. კერძოდ, ეს უარყოფითი ეფექტები მზარდი ტრაექტორიის დროს ფრონტო-მეზოლიმბურ რეგიონებში იწყებოდა, ზომიერად სტაბილური ჯგუფის პარიეტალურ და საფეთქლის რეგიონებში ვრცელდებოდა და საბოლოოდ მაღალი სტაბილურობის მქონე ჯგუფში ტვინის ფართოდ გავრცელებულ ანომალიებს აყალიბებდა.
კვლევამ გამოკვეთა სიმსუქნის გრძელვადიანი მონიტორინგისა და მართვის კლინიკური მნიშვნელობა კომპლექსური მიდგომით. კვლევა ავლენს, რომ სიმსუქნემ შეიძლება პოტენციური ბიომარკერის როლი შეასრულოს ტვინის დაბერების შესაფასებლად. ამრიგად, სიმსუქნის ზემოქმედების როგორც სიმძიმის, ასევე ხანგრძლივობის შემცირება შეიძლება გადამწყვეტი იყოს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.